ბიბილოვი გაფრინდაშვილზე: როცა მიზანმიმართულად არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო “პრეზიდენტის” ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, ამის გამო პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როდესაც ის ამ ნაბიჯზე შეგნებულად მიდის.

ამის შესახებ ბიბილოვმა ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტისთვის ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1,9 წლით თავისუფლების აღკვეთაზე საუბრისას განაცხადა.

„ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. სულაც არა. ადამიანი, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როდესაც ის ამას შეგნებულად აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. გაფრინდაშვილმა გააზრებულად დაარღვია (და ის ამას აღიარებს) სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, რომ ამ სიტუაციისგან პოლიტიკას აკეთებენ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი განცხადებით, დასავლელი და ქართველი პოლიტიკოსები გაფრინდაშვილის საქმეზე მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ქართული მხარის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე არ რეაგირებენ.

„საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ, ყველანაირი სამართლის ნორმების დარღვევით განათავსა პოსტი საზღვარზე, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მაშინ როცა ადამიანი გამიზნულად მიდის დანაშაულზე, ამ ფაქტისგან პოლიტიკას აკეთებენ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები