თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, 35 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე აჭარის საბინაო ფონდიდან ბინები გადაეცა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანებს. მათ შორისა: ლაშა გობაძე – სპორტსმენი, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, შორენა დოლიძე – პედაგოგი, პოეტი, კლინიკური ფსიქოლოგი, ოთარ მიქელაძე – აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის” დირექტორი, მამუკა მანჯგალაძე – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
ასევე, ბინა გადაეცა მოქალაქე ჯუმბერ ნინიძეს, რომელსაც ყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. მათ წლების განმავლობაში უწევდათ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, რომელიც უარყოფითად აისახა ბავშვების ჯანმრთელობაზე.
ასევე, აჭარის მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ.
გარდა ამისა, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ (ეკომიგრანტ) 34 ოჯახს, სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2020 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწევათ დახმარება 25 000 ლარის ოდენობით.
„დღეს მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავაჟღერო. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ტრადიციად გადაიქცეს და წინასაახალწლოდ განსაკუთრებით დამსახურებულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო ფონდიდან გადავცეთ ბინები. ასევე, დღეს 30 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ფართი. მივიღე გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 34 ეკომიგრანტ ოჯახს 2020 წელს გადაეცეს ფულადი კომპენსაცია 25 000 ლარის ოდენობით” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.