საქართველოს მასშტაბით 4 ლოკაციაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს მასშტაბით 4 ლოკაციაზე, სადაც ტყის ქვედა საფარს ცეცხლი ეკიდა ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დანარჩენ ადგილებზე ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

“ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 6 აქტიური კერაა. ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს.
4 ლოკაციაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მარნეული – სოფელი ახკერპი. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართული იყო 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
თიანეთი – სოფელი ჩაბანო. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
დუშეთი – სოფელ ახალი ტონჩა. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ვანი – სოფელი ძულუხი. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.​
ქვემო-ქართლი – უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 140-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მარტვილი – სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცაგერი – სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ლანჩხუთი – სოფელ მამათთან, გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
წალენჯიხა – სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.
ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.

მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები