კახა კუჭავა: ცალსახად ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ სასამართლოში გვაქვს და მხარდაჭერა მე-4 ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმის მიმართ
ცალსახად ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ სასამართლოში გვაქვს და მხარდაჭერა მე-4 ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმის მიმართ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამერიკის სეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ყველას დიალოგის ფორმატის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ მივესალმებით იმ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. აქ ცალსახად ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ სასამართლოში გვაქვს და მხარდაჭერა მე-4 ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმის მიმართ. იმავე ტონით და ანალოგიური ხაზგასმით განცხადება შაბათს გააკეთა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. არის სხვა საკითხები რაც ხაზგასმულია. პირველ რიგში ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას შევინარჩუნოთ დიალოგის ფორმატი და მაგიდასთან საუბრით გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას. ზოგადად ის მოწოდება, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო თავისუფალი, ინსტიტუციონალურად უფრო გაძლიერებული არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. 2020-ში და მომდევნო წლებშიც შევეცდებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ, უფრო დავხვეწოთ ეს საკითხები,” – განაცხადა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი მხარდამჭერი განცხადებები კეთდება ყოველთვის იქნებს “ფეიკ ნიუსის” გამავრცელებელი სხვადასხვა საშუალება, რომელიც ამ მიღწევის და მხარდაჭერის უგულებელყოფას ან დაკნინებას შეეცდება.
“ოფიციალური ვერსია არამხოლოდ ინგლისურად, არამედ ქართულადაც გამოქვეყნდა. ყველას შეუძლია წაიკითხოს და ნახოს, შეაფასოს სილის გაწვნაა თუ პირიქით შექება. აშკარად შექება და მხარდაჭერაა. როდესაც ასეთი მხარდამჭერი განცხადებები კეთდება ყოველთვის იქნებიან ,,ფეიკ ნიუსის” გამავრცელებელი სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც ამ მიღწევის და მხარდაჭერის უგულებელყოფას ან დაკნინებას შეეცდებიან,”- აღნიშნა კახა კუჭავამ.