გიგი წერეთელი უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს
უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილეობს. საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 150 ადგილისათვის 5 პარტიის კანდიდატები იბრძვიან. არჩევნებს, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ეუთო-ს მისია აკვირდება, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის 300 მდე დამკვირვებელი ტაშკენტში და რეგიონებში საარჩევნო პროცესის ეუთო-ს სტანდარტებთან შესაბამისობის და რეკომენდაციების შესრულების კუთხით მონიტორინგს ატარებს.
გიგი წერეთლის განცხადებით, ამ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება.
“ამ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ახალი საარჩევნო კოდექსისა და ფართომასშტაბიანი რეფორმების პირობებში ტარდება. შესაბამისად საარჩევნო დღე და პროცედურების დაცვა, დარღვევების პრევენცია და მოსახლეობისათვის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანი ტესტია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის”,- განაცხადა წერეთელმა.
გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა უზბეკეთის სენატის თავმჯდომარესთან , ტანზილა ნარბაევასთან და სენატის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობასთან, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შედეგები, 23 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქში, სპეციალურ ბრიფინგზე იქნება წარმოდგენილი.