“ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები, რომელიც 27 ნოემბერს დაიწყო, დასრულებულია. საჯარო განხილვების ფარგლებში სულ ხუთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, ერთი ზოგადი, რომელზეც მთლიანი კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა და ოთხი ეტაპობრივი შეხვედრა გაიმართა, კანონის პროექტი თავების მიხედვით იქნა განხილული. საჯარო განხილვებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო. კანონპროექტის საჯარო განხილვებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები იყვნენ ჩართულები. საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, შეძლებისდაგვარად კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
“ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით შემუშავდა.
კანონპროექტზე მუშაობა 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია უზრუნველყოს: ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება; ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით; ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ აღნიშნულ სახეობებს საფრთხე არ შეექმნას; გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.