კახა კოჟორიძე: “ქართული ოცნება“ სწორედ ჩვენგან მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც და ცენტრიდანაც
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი გაუაზრებელი, უნიათო მოქმედებები დასრულდეს და ქვეყანა განვითარების ახალ გზაზე გადავიდეს, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის“ წევრმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება იმ მთავარი იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანდეს, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია.
“დღეს ფუძნდება ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელის სახელი იქნება “ლელო საქართველოსთვის“. მისი მიზანი იქნება, რომ შეცვალოს ხელისუფლება და დააკომპლექტოს მთავრობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დასრულდეს საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი გაუაზრებელი, უნიათო მოქმედებები და საქართველო გადავიდეს განვითარების ახალ გზაზე. ჩვენ დავასრულებთ იმას, რასაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები ერთმანეთში ურევენ ხოლმე, ვგულისხმობ სახელმწიფო და პარტიული ინტერესების ერთმანეთში აღრევას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იქნება, რომ გავმიჯნოთ პარტია და სახელმწიფო ინტერესები ერთმანეთისგან და ყოველთვის, როცა ფორმალური დაპირისპირება იქნება ამ ორ ინტერესს შორის, პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ცალსახად მივანიჭოთ სახელმწიფო ინტერესს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები, ღირებულებები და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კი არ დაიხლიჩოს და გაიყოს, არამედ, გაერთიანდეს იმ მთავარი იდეების და ღირებულებების გარშემო, რომელზეც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის მომავლისთვის. ვიღაცები გვაკრიტიკებენ, როგორ შეიძლება იყოს ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე მემარჯვენეები, მემარცხენეებიც და ცენტრისტებიც, მაგრამ სახელმწიფოს დღეს აქვს უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რასაც ერთიანობა სჭირდება. გარდა ამისა, “ქართული ოცნება“ სწორედ ჩვენგან მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც და ცენტრიდანაც“, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, პარტია “ლელო საქართველოსთვის“ ახალი პოლიტიკური ცენტრი იქნება.
“დარწმუნებული ვარ, ამ ახალ პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდებიან სხვა ისეთი ადამიანები და შესაძლოა, პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და ფიქრობენ, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობისთვის ყველაფერია გასაკეთებელი“, – განმარტა კოჟორიძემ.