ლევან დავითაშვილი მერძევეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რძის ადგილობრივ მწარმოებლებსა და გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და რძის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.
მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, სამინისტრომ მედიატორის როლი შეასრულოს რძის პირველად მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს შორის, რათა არსებული გამოწვევები დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას.
“სამინისტრო აქტიურად მუშაობს რძის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ,ვითანამშრომლოთ როგორც რძის პირველად მწარმოებლებთან, ასევე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა დარგის განვითარების პოლიტიკის ნაწილში, მათი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ასახვა მოხდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე, რძის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ კიდევ ერთხელ გააცნეს, რომლის მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან, არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახური წარმოებას ეწევიან და მცირე რაოდენობით ახორციელებს სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე მერძევეობის სექტორის განვითარებას და კეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, რძის პირველადი მწარმოებლები, გადამმუშავებელი სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.