ფსიქოლოგი – „ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ დავწერთ, შეიძლება აღმოჩნდეს კრიზისის მაპროვოცირებელი აბსოლუტურად ჩვენგან დისტანცირებულ ადამიანში“
საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ არსებულ განწყობებს დღეს ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა პრესკონფერენცია მიუძღვნეს.
როგორც ბავშვთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მკვლევარებმა აღნიშნეს, საჭიროა ფიქრი სხვა მოზარდების ემოციურ განწყობაზე და სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება დაუშვებელია.
„აღნიშნული ფრაზის გაზიარება ხდება ხშირ შემთხვევაში სპონტანურად, ემოციურად. როდესაც ბევრი აზიარებს ამ ფრაზას ძნელია გაარკვიო ვის უჭირს რეალურად ამ შემთხვევაში. ამიტომ ყველას ოჯახსაც და ჩვენი პროფესიის ადამიანებსაც უჭირთ ამოცნობა, აი ამ ძახილის ამოცნობა გვიჭირს. ამიტომ, რთული ფრაზებით საუბარი დავუტოვოთ იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად უჭირთ და უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება თუ რას ამბობენ ისინი.
მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გამოცდილებები, რომლებიც პროგრესულ საზოგადოებებს აქვთ, წარმატებულ საზოგადოებებს აქვთ. მე არ ვამბობ, რომ ყველაფრის დუბლირება შეიძლება. დიახ, არსებობს გარკვეული ინსტრუქციები, გარკვეული რეგულაციები, რომელსაც თუ შევიტანთ სკოლაში და ამ რეგულაციების შესახებ ეცოდინება არა მარტო სკოლის დირექციას ან განათლების სამინისტროს, არამედ ეცოდინება საზოგადოებასაც. მაშინ საზოგადოება მოსთხოვს ამა თუ იმ რეგულაციის აღსრულებას როგორც კონკრეტულ ერთ სკოლას, ასევე კონკრეტულად პედაგოგსაც და ცოტა ზემდგომ ორგანოებსაც. კიდევ ერთი მომენტია, რაზედაც ყურადღების გამახვილება მინდა, ეს არის ის, რომ ყოველთვის არის საშუალება დავიწყოთ საუბარი ჩვენს პრობლემაზე. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რომელიც ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფია სპონტანური გადაწყვეტილებების, ემოციური რეაქტიულობის კონტექსტში, რომ იპოვონ ადგილები, გზები და საშუალებები უფროსებთან სასაუბროდ. თავიანთ კოლეგებთან, გაწონასწორებულ ადამიანებთან სასაუბროდ იმიტომ, რომ მხოლოდ დიალოგში გამოჩნდება ხოლმე ის ჭეშმარიტება, რასაც დავუშვათ იგივე ჩვენს შემთხვევაში პრევენციას ვუწოდებთ. რეალურად, სხვადასხვა ტიპის პრევენცია შეიძლება იყოს, იყოს პირველადი და მეორადი.
სახელმწიფოს აქვს სუიციდის პრევენციის გარკვეული სტრატეგიები უკვე შემუშავებული და დამტკიცებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პენიტენციურ სისტემას. მე არ მინდა ვიგულისხმო, რომ სკოლა პენიტენციური სისტემაა და სწორედ ამიტომ, ასეთი ტიპის გაიდლაინების დაგეგმვა იქნება შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ ამაში გვჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრების მხარდაჭერა და მე მგონია, რომ ყველანი ერთად, საზოგადოება შევძლებთ რომ ეს პრობლემა დავძლიოთ.
დასასრულს, კიდევ ერთხელ თანაგრძნობა ოჯახს, და მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ისეთი განცხადებებისაგან, რომელიც ხელს უწყობს გამწვავებას ემოციური მდგომარეობის, შევეცადოთ, რომ ნაკლებად შევუწყოთ ხელი და ტირაჟირება არ გავაკეთოთ ჩვენს ფეისბუქებზე მაინც.
ორი დღის წინ დავწერე მე ჩემს ერთ-ერთ მესიჯ ბოქსში თუ როგორც გნებავთ, ასეთი ჩანაწერი მქონდა, რომ დიახ, დღეს ყველა ჟურნალისტები გავხდით იმიტომ, რომ მასმედია თუ ამის საშუალებას არ გვაძლევს, ჩვენ ამის საშუალებას სოციალური ქსელები გვაძლევს, ამიტომ ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ დავწერთ, შეიძლება აღმოჩნდეს კრიზისის მაპროვოცირებელი აბსოლუტურად ჩვენგან დისტანცირებულ ადამიანში,“ – განაცხადა ფსიქოლოგმა ნინო ოკრიბელაშვილმა.