სოფო კილაძე: მოზარდის გარდაცვალების საქმეში ვინმესთვის ხელის დაფარების მცდელობა არაადამიანობა იქნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში ხელს არავინ არავის დააფარებს.
მისივე თქმით, არა მხოლოდ გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და გამოიკვეთოს ყველა დამნაშავე, არამედ უნდა შეიქმნას ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომელიც ბავშვთა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.
“ამ პროცესში აუცილებელია ოჯახის, სკოლისა და სხვადასხვა სახელმწიფო სისტემების ჩართულობა, ასევე სტრუქტურების კოორდინირებული ქმედება იმისთვის, რომ რაღაც პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ბავშვი კი არ გავრიყოთ და დავტუქსოთ, არამედ ნორმალურ ფარგლებში ჩავაყენოთ. დამერწმუნეთ, ამ პროცესში არავინ არავის ხელს არ დააფარებს და სწორედ ამიტომ ვთხოვე სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას მოსვლა, რომ ყველა დეტალი გავიარო, რათა საზოგადოებას კითხვა არ დარჩეს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმძიმესი შემთხვევაა და ვინმესთვის ხელის დაფარებაზე საუბარი არის არარელევანტური და ვინმეს მხრიდან ამის მცდელობა იქნება არაადამიანობა“, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.