“შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
“შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს.
სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში”, -ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.