საპროკურორო საბჭო გენპროკურორობის კანდიდატების შესარჩევად ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, განისაზღვრა დოკუმენტაცია, რომელიც კანდიდატებმა საპროკურორო საბჭოს უნდა წარუდგინონ. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭო შეარჩევს კანდიდატებს და 3 კანდიდატიდან ერთს უკვე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
“იწყება ერთთვიანი კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან. განისაზღვრა ის დოკუმენტაცია, რაც უნდა იქნეს წარმოდგენილი საპროკურორო საბჭოს სახელზე კანდიდატების მხრიდან და დანარჩენი უკვე ერთი თვის შემდგომ დაიწყება შემდგომი პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს უკვე კანდიდატის შერჩევას. საპროკურორო საბჭო შეარჩევს კანდიდატებს და 3 კანდიდატიდან ერთს უკვე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს,” – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს. გენერალურ პროკურორს აქამდე იუსტიციის მინისტრი ნიშნავდა, კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, კი კანდიდატი საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს.