არჩილ თალაკვაძე: ე.წ. პოლიტპატიმრების 85-კაციანი სიიდან 80-მდე პატიმრობაში საერთოდ არაა, ერთი სხვა საქმეზეა მსჯავრდებული, ხუთის საქმე კი ვერ იქნება პოლიტიკური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ე.წ. პოლიტიკური პატიმრების 85-კაციანი სიიდან 80-მდე პატიმრობაში საერთოდ არ იმყოფება, ერთი სხვა საქმეზეა მსჯავრდებული, ხუთის საქმე კი ვერ იქნება პოლიტიკური.
მისი თქმით, საქართველოს ომბუდსმენს მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნა და საპატიმროს პირობების შემოწმება შეუძლია.
“ე.წ. პოლიტიკური პატიმრების 85-კაციანი სია წარმოადგინეს, რომლის გადამოწმების შედეგად, იმავე დღეს აღმოჩნდა, რომ აქედან 80-მდე ადამიანი საერთოდ არ იმყოფება პატიმრობაში. იმ ექვსი ადამიანიდან, ვინც პატიმრობაშია, ერთი საერთოდ სხვა საქმეზეა მსჯავრდებული და დანარჩენები ან მსჯავრდებული, ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში არიან ისეთ საქმეებზე, რომელიც პრინციპულად ვერ იქნება პოლიტიკური საქმე.
დღეს ეს ხალხი სპეკულირებს პატიმრების უფლებებით. ახლა მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, პატიმრების პირობების მონიტორინგი დღეს არის შესაძლებელი 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე. ამის უფლება აქვს საქართველოს ომბუდსმენს. კეთილი ინებონ, თუ მართლა ფიქრობენ, რომ ვინმეს აქვს პრობლემა პატიმართაგან, მიმართონ საქართველოს ომბუდსმენს, რომელსაც შეუძლია, მონიტორინგის ჯგუფი დაუყოვნებლივ გაგზავნოს და შეამოწმონ საპატიმროს პირობები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრის მონახულების უფლება აქვთ ადვოკატებს და ამ უფლებას ახორციელებენ.
“დღეს რომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ეს პატიმრები არავის უნახავს და მშობლები ნერვიულობენ, ყველამ ვნახეთ, ვინ ნერვიულობს. ეს ხალხი ნერვიულობს სინამდვილეში და პატიმრებზე კი არ ნერვიულობენ, ნერვიულობენ იმაზე, რომ მალე რჩებიან ქუჩაში, რჩებიან ნორმალური პოლიტიკის მიღმა, რჩებიან ცივილიზებული პოლიტიკის მიღმა და ამაზე არის ეს ხალხი ანერვიულებული. თორემ, ამათ რომ მართლა აინტერესებდეთ პატიმრების პირობები, რაც არის დაუჯერებელი, რადგან არასდროს აინტერესებდათ, და საზოგადოებას აუხსნან წესიერად, რა უნდათ და რისთვის შედიან სხვადასხვა პატიმრებთან ასეთი სიხშირით. ხდება ხოლმე, როდესაც ერთი და იგივე პატიმართან ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ვიზიტი ხორციელდება. აუხსნან საზოგადოებას, რა ხდება, რას ემსახურება მათი ვიზიტები სასჯელაღსრულებით სისტემაში ასე ხშირად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.