“ლელო”: მოვითხოვთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს
საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
“ქართული ოცნების”, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა.
“ქართული ოცნების” პარტიის წევრის თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ამორალური განცხადება სხვა არაფერია თუ არა, ექიმის პროფესიული და პატრიოტული ნაბიჯის დისკრედიტაცია. ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები ვაჟა ექიმის ოჯახის წევრების პროვოკატორებად მონათვლის ხარჯზე ცდილობენ გადაფარონ თავიანთი უუნარობა და შეგნებული უმოქმედობა! თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადება ნათელი გამოვლინებაა იმ პოზიციისა, თუ რას ფიქრობს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ ეხება ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. ეს პირდაპირი იერიშია ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე. ვაჟა ექიმის მიმართ დაწყებული სიცრუის ტირაჟირება ღირსების შემლახველია. უღირსი საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს “ქართული ოცნების” პარტიის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ. ასევე საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.