ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტომანქანებით საოკუპაციო ხაზამდე მსვლელობას მოაწყობენ. საოკუპაციო ხაზთან აქცია იგეგმება.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ღონისძიებით დაინტერესებულ პირებს სოციალური ქსელით მიმართავს და აფრთხილებს, რომ რესპუბლიკის მოედნის დაკეტვის გამო, ყველა, ვინც მანქანით აპირებს მისვლას, ელბაქიძის დაღმართზე, სამაიას ბაღთან შეიკრიბოს.

“მეგობრებო, ვაჟა ექიმის გულშემატკივრებო! პირველ რიგში დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის.

იმედი მაქვს ხვალ ძალიან ბევრი ვიქნებით. გვინდა შეგატყობინოთ ხვალინდელი აქციის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

ვიკრიბებით 11 საათზე რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და 11:30-12:00 ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) გაემართება მანქანების მარში.

შეკრება მოხდება მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას, ყოველგვარი პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად. აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გავაკეთებთ მცირე მიმართვას.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაჟა ექიმი უახლოეს მომავალში სახლში იქნება და მალე გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის“, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ოძისში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე მიემართებიან.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები