გიორგი გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი
“ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ყველაფერი ქვეყანამ „ქართული ოცნების” ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეძლო.
„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს ყველას, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არასოდეს არ გვქონია ევროპასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც დღეს, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში. ეს მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ. ამ ყველაფერს მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.