ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება.
ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, CITYFORESTER-მა მოამზადა. კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE და ერთი ქართული ორგანიზაცია CENN იყო ჩართული.
უწყების ცნობით, ორგანიზაციებს ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და ინტელექტუალურ დიზაინზე მუშაობის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.