ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვატარებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრას, რის უფლებასაც პარლამენტის რეგლამენტი გვაძლევს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, სხდომაზე, სადაც მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ, ოპოზიციონერ კოლეგებს განუმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტი შეეხება მხოლოდ კანონპროექტების განხილვის აკრძალვას პლენარული სხდომების კვირაში, შესაბამისად, პლენარული სხდომების კვირაში ნებადართულია პარლამენტის რეგლამენტის თანახმად საკითხის განხილვა, ნებადართულია ასევე დაჩქარებული სახით კანონპროექტის განხილვა.
“ჩვენ კანონპროექტს არ ვიხილავთ, ჩვენ ვატარებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრას, რის უფლებასაც პარლამენტის რეგლამენტი გვაძლევს. ეს რომ ყოფილიყო კანონპროექტი და კანონპროექტის განხილვის საკითხი დაგვესვა, თუ არ იქნებოდა დაჩქარებული, ამისი უფლება არ გვექნებოდა,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგვიანებით, მან კიდევ ერთხელ ჩათვალა საჭიროდ კოლეგებისთვის განემარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურის წინ რაიმე საკითხის გამოტანას და დასკვნის წარდგენას.