ანრი ოხანაშვილი: ძალიან კარგად მოეხსენება ყველას, რომ ქვეყანაში არანაირი პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები არ არიან
თუკი ვინმე აქვს იმის ილუზია, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ან სხვა, რომელიმე ქვეყნის პარლამენტის მიმართ შტურმით აღების მცდელობის დროს ვინმეს უნდა უწოდოს პოლიტპატიმარი ეს არის ნონსენსი,- ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ევროპარლამენტის დეპუტატის, ივან კლურკოს განცხადებას.
ოხანაშვილის თქმით, ქვეყანაში არანაირი პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები არ არიან.
“ძალიან კარგად მოეხსენება ყველას, რომ არანაირი პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები არ არიან. დღეს, თუკი ვინმე აქვს იმის ილუზია, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ან სხვა, რომელიმე ქვეყნის პარლამენტის მიმართ შტურმით აღების მცდელობის დროს ვინმეს უნდა უწოდოს პოლიტპატიმარი ეს არის ნონსენსი. აქედან გამომდინარე, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე პოლიტპატიმარია იმის გამო, რომ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას ჰქონდა ადგილი ასეთი რამ წარმოუდგენელია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეის მერვე სესია დღეს დასრულდა. მედიისთვის გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის დეპუტატმა, ივან კლურკომ განაცხადა, რომ “თუ ჩვენ ვსაუბრობთ, პატიმრებზე პოლიტიკურ პროცესში, ეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცუდი გზავნილია. ვიმედოვნებ, რომ ყველა პატიმარს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ და მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააგრძელებენ დიალოგს”.