“პოლიტპატიმრების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი მძიმე ბრალდებაა და ეს არის წითელი ხაზები, რომელიც დემოკრატიის კუთხით ქვეყანას მძიმე წარსულში დააბრუნებს”
პოლიტპატიმრების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი ძალიან მძიმე ბრალდებაა და ეს არის წითელი ხაზები, რომელიც დემოკრატიის კუთხით ქვეყანას ძალიან მძიმე წარსულში დააბრუნებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ანგარიშში გამოვლენილ ტენდენციებს.
ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემაზე სწრაფი რეაგირება.
“არის პრობლემა საქართველოს ციხეებში, ანგარიშში არის ამაზე საუბარი. ომბუდსმენს აქვს განსაკუთრებული მანდატი და მას შეუძლია პენიტენციურ უწყებაში შევიდეს და თავად ნახოს რა ხდება იქ. ეს პრობლემები, რომ არსებობს ამიტომაც მოხვდა ანგარიშში და ამას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება. პოლიტპატიმრების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ეს არის წითელი ხაზები, რომელიც დემოკრატიის კუთხით ქვეყანას დააბრუნებს ძალიან მძიმე წარსულში, ამიტომ, როდესაც ცალკეულ საქმეებზე არის წუხილი აქ არ არის სამართლიანი მიდგომა, უსამართლოდ ხდება ადამიანების დაპატიმრება და სასამართლო განხილვა, ასეთ საქმეებს უნდა მაქსიმალური ყურადღება, რომ ამის გამო ქვეყანა არ დაზარალდეს”,- განაცხადა ბესელიამ.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებზეც გაამახვილა ყურადღება.
“2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. მონიტორინგის პროცესში, თავისუფლება შეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT)”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.