საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13.7%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-3 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.
უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა – 18.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 16.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 10.3 პროცენტით.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში ჩაიდო ( 96.0 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23 პროცენტია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ აშშ დოლარით.