ქუთაისში შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანთა შრომითი უფლებების დაცვაზე ტრენინგი ჩატარდა
ქუთაისში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე მოწვეულმა ექსპერტმა რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა.
“ასოცირების ხელშეკრულება, შრომის უსაფრთხოების მიზნით, ამ სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს, რაც შრომითი უფლებების და უსაფრთხოების გარანტიაა. ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-13 და მე-14 თავი დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და თანაბარ შესაძლებლობებს მოიცავს. ამ თავის მიზანია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის შემცირება, გაძლიერებული სოციალური ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება და გაუმჯობესებული ცხოვრების დონე.
შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია შემდეგი ღონისძიებები: შესაცვლელია დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისკენ. შრომის ბაზარზე აქტიური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა”, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.
ტრენინგის მიზანი მძიმე, მავნე და საშიშ ნივთიერებებთან მომუშავე ადამიანების გადამზადება იყო. ტრენინგში მონაწილეობა ტყიბულის ქვანახშირსა და “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულმა პირებმა მიიღეს.
„უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საწარმოებში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სოციალური დიალოგის არარსებობა. აღნიშნულს, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სოციალური დიალოგის თაობაზე ცნობიერების დაბალი დონე, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს შორის. მხარეები ვერ აცნობიერებენ იმ სიკეთეებს და სარგებელს, რაც შეუძლია მოიტანოს სოციალურმა დიალოგმა, მხარეებს შორის და დავების პრევენციის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში სოციალურ დიალოგს დამსაქმებელი ხარჯების გაზრდას უკავშირებს. მეტიც, ნაკლებია მხარეების მხრიდან სოციალურ დიალოგში ჩართვის მზაობა. თუმცა ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამ დიალოგის დაწყების და მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანია დასაქმებულების და დამსაქმებელთა მეტად ინფორმირებულობა, რაც ხელს შეუწყობს შრომით უფლებების საკითხების დარეგულირებას”, -აღნიშნა პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ.
პროექტი 8 თვის მანძილზე განხორციელდება იმერეთის რეგიონში. რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ რეგიონული მედიის წარმომადგენლების ინფორმირებულობას. პროექტის ბოლო ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელდება მონიტორინგი ტყიბულის ქვანახშირის, ჭიათურის მანგანუმის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ანგარიშის სახით გამოიცემა და რიგ საკითხებზე მომზადდება რეკომენდაციები.
ღონისძიება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში ხორციელდება. პროექტს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით ახორციელებს.
ცნობისთვის, კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 7 მარტს მიიღო. 2019 წლის იანვრიდან კანონი სრულად ამოქმედდა, რასაც სხვადასხვა სახის რეგულაციების, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში სანქციების ამოქმედება მოყვა.