ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, მისი უპირობო გათავისუფლებისთვის ყველა ბერკეტი გამოიყენონ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებისთვის ყველა ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენონ, – ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად სახელმწიფოს ჩართულობისა, ერთი თვის თავზე გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება.

“იწყება ჟენევის საერთაშორიო მოლაპარაკებების ფორმატი და მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟას დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებისთვის. ასევე, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და, როგორც ვხედავთ, შედეგი გვაქვს ნული”, – განაცხადა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები