მერკელი პარიზში პუტინს ხვდება – ბერლინი კი, მოსკოვს ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში თანამშრომლობისკენ ისევ მოუწოდებს

გერმანიის მთავრობა რუსეთს, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობის გამოძიებაში თანამშრომლობისკენ ისევ მოუწოდებს.

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რუსულმა მხარემ, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მოთხოვნა გაეგზავნა, „დაუყოვნებლივ და მთელი სერიოზულობით“ უნდა მოახდინოს რეაგირება, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა.

მისი თქმით, ბერლინი „მომხდარის გამო გაოგნებულია“.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბერლინმა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსეთმა საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო.

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, პირველად, ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი ამ წუთებში ერთმანეთს ელისეის სასახლეში ხვდებიან.

მართალია, ლიდერებმა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში უკრაინის საკითხზე უნდა ისაუბრონ, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მერკელი და პუტინი მომხდარ ინციდენტსაც განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები