ნინო ლომჯარია: გვაქვს შიშები, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მომეტებული შიშები გვაქვს ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ფაქტები და ინფორმაცია არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგეს.
“რაც შეეხება ბატონ ვაჟას მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის, წამების შესახებ ცხინვალის იზოლატორში და ასევე გვქონდა ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც მისი გარდაცვალებით დამთავრდა, რა თქმა უნდა, გვაქვს მომეტებული შიშები, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.