საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

0

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი უხელმძღვანელებენ. სამუშაო ჯგუფში ქართული მხარიდან მონაწილეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოელ სტარი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ლორა კუპერი იქნებიან.

მხარეები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე საზღვაო და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. საუბარი, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი