ბრიტანელი ექსპერტი: თუ მოსკოვი ხანგოშვილის მკვლელობის გამო საერთაშორისო რეაქციას არ მიიღებს, ის მსგავს ოპერაციებს ისევ გააგრძელებს

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორის, მარკ გალეოტის შეფასებით, ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა – გერმანული „სოლსბერია“, თუმცა მცირე სხვაობა მაინც არსებობს.

როგორც ექსპერტმა Deutsche Welle-ს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ მკვლელობაზე ბერლინის რეაქცია საკმარისად მკაცრი არ იქნება, მოსკოვი საზღვარგარეთ მსგავს ოპერაციებს კვლავ გააგრძელებს.

მისი თქმით, სოლსბერიში – სკრიპალების მოწამვლასა და ბერლინში – მკვლელობას შორის ორი განსხვავებაა.

„პირველი – მნიშვნელოვანია, მეორე – არა. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ სოლსბერიში ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული და არა პისტოლეტი, მე კი ამაში განსხვავებას ვერ ვხედავ. ნამდვილი განსხვავებაა – პოლიტიკური რეაქცია. სოლსბერიში მომხდარის შემდეგ, დავინახეთ ბრიტანეთის მთავრობის ძალიან სწრაფი, აგრესიული რეაგირება, რომელიც მრავალი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების ტალღაში გადაიზარდა. ეს კრემლისთვის ნამდვილი დარტყმა იყო. ჯერჯერობით ამდაგვარს ვერაფერს ვხედავთ. ბერლინი გაცილებით ფრთხილია. საინტერესოა, ეცდება თუ არა ბერლინი საერთაშორისო რეაქციის გამოწვევას“, – განმარტა გალეოტიმ.

მისი თქმით, ამ ვითარებაში მოსკოვის რეაქცია პროგნოზირებადია და ის საპასუხოდ გააძევებს ორ გერმანელ დიპლომატს.

„დანარჩენი ბერლინზეა დამოკიდებული – სურს თუ არა მას წიგნის ეს თავი უბრალოდ დახუროს, განსაკუთრებით პარიზში შეხვედრის კონტექტსში, თუ მოუნდება იმის დემონსტრირება, რომ არ შეიძლება გერმანიის, როგორც მარტივი სამიზნის განხილვა. ეჭვი მაქვს, დღეს ბერლინს ვითარების ესკალაცია არ სურს“, – აღნიშნა პროფესორმა.

მარკ გალეოტი ამბობს, რომ ნატო არის ძალიან მძლავრი სტრუქტურა, რომელიც პირდაპირი სამხედრო საფრთხის დროს საერთაშორისო სოლიდარობას ავლენს, ბლოკის ერთ წევრზე თავდასხმას, მთლიანად ალიანსზე თავდასხმად აღიქვამს, რაც ევროკავშირის ფარგლებში არასამხედრო საფრთხეების კუთხით არ არსებობს.

„თუ სადმე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, თქვენს ტერიტორიაზე ვინმეს მკვლელობა მოხდა, ან სხვა დანაშაული – თქვენ მარტო რჩებით. სოლსბერის თავდასხმის დროს, პირველად, რაღაც განსხვავებულის დემონსტრირება იყო. იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ამდაგვარ საერთაშორისო რეაქციას ყოველჯერზე მიიღებს, ასეთი ოპერაციები მას მომავალში ძალიან ძვირი დაუჯდება. ამიტომ, ბერლინის ოპერაცია მოსკოვის ერთგვარი ტესტი იყო. მათ სურთ დაინახონ, იყო თუ არა სოლსბერიზე რეაქცია უბრალოდ გამონაკლისი თუ არა. თუ ორი დიპლომატის გაძევება ერთადერთი პასუხი იქნება, მოსკოვში ჩათვლიან, რომ სოლსბერის რეაქცია გამონაკლისი იყო და ჩვეულ პრაქტიკას დაუბრუნდებიან“,- განმარტა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები