“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” საქართველოს განათლების სექტორში 140-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა თემაზე “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ზედამხედველობა” გაიმართა, სადაც მომხსენებლად “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მთავარი აღმასრულებელი, შონ კეირნკროსი იყო მიწვეული.
მოსმენისას “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას ხაზი გაესვა. კეირნკროსმა თავის სიტყვაში საქართველოში მისი ვიზიტი შეაფასა და “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ საქართველოში წარმატებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
“სექტემბერში ვიმოგზაურე საქართველოში, რათა მხარი დამეჭირა “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” 140 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისათვის, რომელიც ჩაიდო საქართველოს განათლების სექტორში, განსაკუთრებით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში. მე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მივესალმე “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ მხარდაჭერილი SDSU (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) საქართველოს STEM-ის პროგრამის რიგით მეხუთე მიღების სტუდენტებს და ასევე გავხსენით “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ განახლებული 91 სკოლათაგან ერთ-ერთი,” – აღნიშნა კეირნკროსმა.
სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ ჰემპშირის შტატი) დაინტერესდა, თუ არსებობს ბალკანეთის გარდა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” პოტენციური თანამშრომლობის კანდიდატი ქვეყანა. შეკითხვის პასუხად კეირნკროსმა საქართველოს მაგალითი გამოყო.
“ამ მხრივ ყველაზე ახლოს რეგიონში საქართველოა, სადაც ახლახანს დავასრულეთ ძალიან წარმატებული კომპაქტი (“compact”). აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. თუმცა, არ მგონია არსებობდეს რეგიონში ამ მხრივ სხვა კანდიდატი ქვეყანა,” – აღნიშნა კეირნკროსმა.