სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემული ის დადგენილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში (საკვალიფიკაციო) ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ (სასერთიფიკაციო) გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება.
ამ დადგენილებამდე აღნიშნული გამოცდები უფასო იყო.
ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილმა კურსდამთავრებულებმა სამინისტროს კანცელარიაში საგამოცდო ტესტების ამობეჭდილი ვერსია ჩააბარეს და სიმბოლურად ხურდები მიიტანეს.
მათი განცხადებით, მთავრობა გამოცდებს უხარისხოდ ატარებს და ტესტებში არაერთი ტექნიკური, თუ გრამატიკული შეცდომაა დაშვებული.
როგორც კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, ამით პასუხი გასცეს ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის შეთავაზებას, რომ 12 დეკემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირებს 80 და 120 ლარის ნაცვლად, 40 და 60 ლარი ექნებათ გადასახდელი, სხვაობას კი ერთჯერადად სამედიცინო უნივერსიტეტი დაფარავს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შესაბამის სარჩელს უკვე ამზადებენ, რომლითაც მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების გაუქმებას სასამართლოს გზით მოითხოვენ.