გურამ ნიკოლაშვილი: ხალხი თავის ნებას არჩევნებზე გამოავლენს, მანამდე კი, ბატონო ბრალდებულებო, ქვეყანას ვერ აურევთ

“პარტიებისა და მედიების დაფუძნება ვერ იქნება ინდულგენცია,” – ასე გამოეხმაურა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას და ოპოზიციის ლიდერების მიერ მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ნიკოლაშვილმა “იმედის” “დღის ქრონიკაში” განაცხადა, ხელისუფლების ტყვიებით, ტელეეთერებითა და პარლამენტში შევარდნით განხორციელებული ცვლილებები ღრმა წარსულს ჩაბარდა.

მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომელმაც წარსულს ჩააბარა გაქცეული მოძალადე, დესტრუქციული უზურპატორები და აგრესიულ ტელეეთერებს შემორჩენილი გაკოტრებული, არარსებული პოლიტიკანები, კარგად უნდა გაიაზროს, რა ძალებთან გვაქვს საქმე.

“მოკლედ, სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდ დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს. საქართველოში, რევანშს მოწყურებული დამნაშავე ექსპრეზიდენტის და მისი პირადი გვარდიისა თუ სიტუაციური მოკავშირეების, (ერთ დროს ვარდების რევოლუციით აღფრთოვანებული ხალხი რომ ერქვა), თავდასხმაა ქვეყნის მშვიდობასა და წინსვლაზე. ამიტომაც, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომლებმაც წარსულს ჩავაბარეთ გაქცეული მოძალადე, დესტრუქციული უზურპატორები და აგრესიულ ტელეეთერებს შემორჩენილი გაკოტრებული, არარსებული პოლიტიკანები, კარგად უნდა გავიაზროთ რა ძალებთან გვაქვს საქმე.

ძალებთან, რომელთაც არც პროპორციული არჩევნები აინტერესებთ და არც სახელმწიფოს ინტერესები.

ძალები, რომლებმაც მშვენივრად უწყიან თავიანთი რეალური შესაძლებლობა და არჩევნებამდე დარჩენილ დროში ქვეყნის არევის ბოლო მცდელობა აქვთ.

ძალები, რომლებიც ახალგაზრდა აქტივისთა რეკრუტირებასა და კმარასდროინდელი მეთოდების დანერგვას ცდილობენ. ცდილობენ თავად ყოფილი კმარელები.

იმისთვის, რომ სამშობლო განვითარდეს და წინ წავიდეს, ფინანსურ თაღლითობებსა და სხვა მავნებლობებში ბრალდებული პირები უნდა გასამართლდნენ, თავიანთი სახელი დაერქვათ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ სარბიელს.

პარტიებისა და მედიების დაფუძნება ვერ იქნება ინდულგენცია.

ტელეეკრანებზე სპექტაკლების გამართვა და საზოგადოებისთვის პროვოკაციული ქმედებებით საკუთარი პერსონის შეჩრა ვერ იქნება მათი საშველი.

ხელისუფლების ტყვიებით, ტელეეთერებითა და პარლამენტში შევარდნით განხორციელებული ცვლილებები ღრმა წარსულს ჩაბარდა.

როდესაც ხალხის ნება არსებობს, ხელისუფლებები იცვლებიან. იცვლებიან ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერი საარჩევნო სისტემით.

ხალხი თავის ნებას არჩევნებზე გამოავლენს. მანამდე კი, ბატონო ბრალდებულებო, ქვეყანას ვერ აურევთ,” – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

https://www.imedi.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები