დავით ბაქრაძე: ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის ამერიკულ არასამთავრობოებზე შეტევა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობის მკაფიო სიგნალია
ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის ამერიკულ არასამთავრობოებზე შეტევა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობის მკაფიო სიგნალია, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” წევრმა დავით ბაქრაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამერიკული არასამთავრობოების გაკრიტიკება.
“ასეთი შეტევა ამერიკული არასამთავრობოების წინააღმდეგ სერიოზულად აზიანებს ორი მიმართულებით. პირველი ეს არის ზიანი ქვეყნის შიგნით, ვინაიდან ეს არასამთავრობოები ემსახურებიან ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესებას და მეორე ეს არის ზიანი ქვეყნის გარეთ, ვინაიდან ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის შეტევა ამერიკულ არასამთავრობოებზე არის მკაფიო სიგნალი ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობის და ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენის, ვინაიდან ამ მიმართულების ფლაგმანად სრულიად სამართლიანად ითვლება ვლადიმერ პუტინი და პუტინის რუსეთი,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ “თუკი რაღაც დროში ვერ მოხერხდა რეაქციის მიღება იმაზე, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ – მე არ გამოვრიცხავ რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში”.
თემას “IRI”-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან ივანიშვილთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში “IRI” და სხვა მსგავსი ორგანიზაციები.