მაია ცქიტიშვილი: “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და აქტივისტებს მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის ძალადობისგან

როდესაც ოპოზიცია მიდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას იქ ხვდება ხელისუფლების მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, იქმნება აგრესია და ამას ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ქუჩიდან პარლამენტში და მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

“რაიმე სახით დაპირისპირება მიუღებელია, ეს დაპირისპირება ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს, ან მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება და ისეთი ტიპის აქციები, რომელიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს.
სამწუხაროდ ეს პროცესი იმ რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და წლების განმავლობაში ამ მეთოდებით გვემუქრება და რომელიც უშუალოდ მხოლოდ ამ გზას ადგას. როდესაც ოპოზიცია მიდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილი იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ. თუმცა ეს ამასთან ერთად არ ამართლებს „ქართული ოცნების“, თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ქუჩიდან პარლამენტში და მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს. რაც არაერთხელ გაგვიცხადებია, გაგვიკეთებია და მოგვიწოდებია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

“ჩვენს ამომრჩეველს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და აქტივისტებს მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მათ შორის იმ ემოციური პასუხისგან, რომელიც შეიძლება ამ აგრესიულ ქმედებებზე მიდიოდეს. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ საქმეს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. უფრო მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს რაიმე სახის პროვოკაციაში ჩაბმა ან პროვოცირების გამოხატვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები