ჯანდარის ტბაზე დაკარგულების ძებნაში მყვინთავები ჩაერთნენ – “ოპერაციაში, ასევე, ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა.”

ჯანდარის ტბაზე დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ფსკერის დეტალური შემოწმება და საეჭვო დეტალის აღმოჩენის შემთხვევაში, პროცესში მყვინთავები ერთვებიან. სამაშველო ოპერაციაში, ასევე, ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი იმყოფებიან. სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე, პირადად ხელმძღვანელობს სამაშველო ოპერაციას.
დილიდან განაახლა სამუშაოები აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახურმა. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები.
ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად.
​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები