პაატა დავითაია ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე: ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ
გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი პაატა დავითაია აცხადებს, რომ მას „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს მიაწოდა.
როგორც დავითაიამ „კვირასთან“ საუბარში განმარტა, ის ფაქტი, რომ ბურჯანაძე მოსკოვში დადის სიახლეს არ წარმოადგენს.
გარდა ამისა, დავითაიას თქმით, ოპოზიცია საშინაო საკითხში, კერძოდ, 2020 წლის პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ არის გაერთიანებული, რაც შეეხება ყველა პარტიის საგარეო პოლიტიკას, ეს მათი საქმეა და არავის აქვს უფლება მათ რამე შეუზღუდონ ან აუკრძალონ.
„ამაში არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვართ შეთანხმებული, 2020 წლის არჩევნებზე, დანარჩენ პოზიციებში ყველანი თავისუფლები ვართ. ვერავის ვერ ავუკრძალავთ ვერაფერს, ყველას აქვს თავისი ავტონომია. ეს არ არის საარჩევნო ბლოკი, არც პლატფორმა, უბრალოდ ერთიან პოზიციაზე ვართ, მეტი არაფერი“, – განმარტა პაატა დავითაიამ.