მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ ე.წ. გერმანული მოდელი უარყო და თქვა, რომ საზოგადოებას ატყუებდნენ

ოპოზიციას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ თავად აღიარა, ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა, ეს თავიდანვე იცოდნენ და თავის მომხრეებს ატყუებდნენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ლიდერების დღევანდელ მიმართვას.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ დღეს თქვა, რომ მათი დოკუმენტი ქართული მოდიფიცირებული ვარიანტია და საუბარია, “ნაციონალური მოძრაობის“ მოდელზე, რომელიც თავად აწყობთ და საშუალებას აძლევთ, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი მოხვდეს.

“გასაგებია, რომ მეტი რესურსი არ გააჩნიათ და ახლა ცდილობენ, რომ პროცესები სპირალში შეიყვანონ. ეუთო-ში გააგზავნონ ის, 77 მანდატი უდრის თუ არა, 150-ს, მთლიანად პროპორციული სისტემა შესაბამისობაშია თუ არა შერეულ სისტემასთან, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული სეგმენტი ცალ-ცალკეა. ამ სპირალის შემდეგ, რაღაც დასკვნას დაეყრდნონ, სადაც ათასგვერდიან დოკუმენტში ერთი წინადადება იქნება, რომელიც ინტერპრეტირებისა და სპეკულირების საშუალებას მისცემთ. ამ სპირალში არ შევალთ. ეს იყო, რაც აინტერესებთ, ახასიათებთ და ცდილობენ, საზოგადოების მოტყუებას. იმაზე მსჯელობას არ ვაპირებთ, 77 უდრის თუ არა 150-ს. დიპლომატებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, პრაქტიკულად, ოპოზიცია არგუმენტებში 100-ით ნული დავამარცხეთ. გამოსაყოფია იურიდიული არგუმენტები, სადაც ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბარი წარმოუდგენელი იყო და ახლა “ნაციონალური მოძრაობის“ მოდელს ქართული მოდელი დაარქვეს. დიალოგს წინ არაფერი უდგას, პირველი რაუნდის შედეგი დღეს ვნახეთ, როცა ე.წ. გერმანული მოდელი თავად უარყვეს და თქვეს, საზოგადოებას ვატყუებდითო“, – განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციურმა პარტიის ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული ქართული მოდიფიკაციით ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს. “ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი როგორც “პასუხისმგებლიანი ხალხი” საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებენ, რათა შემდგომ ეუთო/ოდირს სახალხო დამცველის მეშვეობით გადაეგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები