ნათია თურნავა: საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს, რომელიც სასტუმრო “რუმსში” გაიმართა, ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა გარდა, ბრიტანეთის მთავრობის სავაჭრო კომისიის წევრი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯუდიტ სლაიტერი დაესწრო.

ფორუმის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ საერთაშორისო რეიტინგებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციების წახალისება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესს ევროპულ ეკონომიკებთან. ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკა ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ნაკადს, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას და პოლიტიკის კოორდინაციას და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაზარდოს უცხოური კაპიტალის შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ეკონომიკური ზრდის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვანი წყარო. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და დივერსიფიკაციას, რითაც ის უფრო მომგებიანი გახდება პროდუქტიულობისა და ექსპორტის ხელშესაწყობის თვალსაზრისით.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს მყარი საფუძველი, რომ გახდეს რეგიონალური ჰაბი.

მისი თქმით, სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება და ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, შუამავალი რგოლი ევროპასა და აზიაში შემოსული საქონლის გადამუშავებისა და წარმოებისთვის, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, ღია ენერგეტიკული ბაზარი, – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც საქართველო სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს.

ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები