ის, რომ გიგაური “ნაცმოძრაობასთან” ერთად აფინანსებდა იმ ჯალათებს, ვინც სისხლის გუბეებს აყენებდა საქართველოში ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის დღემდე აგრძელებს საქმიანობას მათთან, მე ცამდე მართალი ვარ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ამ წუთებში ხაინდრავა-გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ხაინდრავას თქმით, პროცესში ჩართულნი არიან ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც აფინანსებენ გიგაურს და “მის მსგავსებს”, რათა ქვეყანაში შფოთი და დესტაბილიზაცია შემოიტანონ.
“ეს პროცესი ეხება იმ ფსევდოლიბერალურ ძალებს, რომლებიც აფინანსებენ გიგაურის მსგავსებს და რომლებიც თავიანთი საქმიანობით შფოთისა და დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობენ საქართველოში. ნათელი მაგალითია გიგაურის განცხადება ვითომ ყალბი მოწმობების შესახებ არჩევნების წინ. კარგად გვესმის, რას ნიშნავს ასეთი ნაბიჯი. ამის დამადასტურებელია ის ანგარიშები, რომლებიც მერსედესის საქმეზე გააკეთეს და ცილი დასწამეს კახი ასათიანს და მის ოჯახს. ეს ადამიანები ემსახურებიან იმ ძალებს, რომლებიც მილიონობით დოლარით აფინანსებენ მათ. თვითონ გიგაური რას წარმოადგენს და რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ამის ნათელი მაგალითია მისი გამოსვლა იმ მიტინგებზე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” აწყობს. მე მინდა, პირადად მივმართო დელია ფერნანდა ლუბიუს, ეს არის ქალბატონი, რომელმაც ამას წინათ აბსოლუტურად შეუწყნარებელი და ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, ის არის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი, ჩემთვის ეს არის შეუწყნარებელი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომ არა ეს, გიგაურზეც არ დავკარგავდი დროს,” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოელი მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.
მანამდე, საქმე დაიწყო 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადებებით. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში 2017 წელს უჩივლა. მოსამართლემ ეკა გიგაურის სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსამარლე ქეთევან კუჭავას განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ელემენტი.