ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აჭარული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აჭარული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან აცნობეს, მასტერკლასის ჩასატარებლად შუახევის მუნიციპალიტეტის უნიკალური ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლი ,,ფესვები“ შეირჩა.
„ანსამბლში ცეკვავენ შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მოცეკვავეები, თავიანთი სოფლის განსხვავებული საცეკვაო ვარიანტებით. ამიტომაცაა ასეთი მრავალფეროვანი და გამორჩეული მათი საცეკვაო ლექსიკა. ანსამბლი 2007 წელს ბადრი დარჩიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა“, – აცხადებენ ფოკლორის ცენტრის მესვეურები.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი ,,ფესვებთან“ ერთად, 6, 7 და 8 დეკემბერს აჭარული ცეკვის მასტერკლასს ჩაატარებს. მასტერკლასში მონაწილეობა შეუძლიათ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს.
სამდღიანი მასტერკლასი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. ყურადღება გამახვილდება ფოლკლორულ საცეკვაო ილეთებზე, მუსიკალურ შინაარსზე, სამოსზე, ყოფით ტრადიციებსა და ქართული ფოლკლორის სინკრეტიზმზე.
მასტერკლასს ყოველდღიურად 4 საათი დაეთმობა. აუცილებელია შესაბამისი სამოსი პრაქტიკული მეცადინეობისათვის. სერტიფიკატი გადაეცემათ მხოლოდ სამივე დღის მონაწილეებს.
დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე.

მისამართი: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი – დავით აღმაშენებლის №68.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები