პროკურორი: სასამართლომ მელიას დანიშვნითი თანამდებობის დაკავება აუკრძალა, ნიკა მელია კი არჩეული თანამდებობის პირია

შეუჩერდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი, ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

„ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. მას შემდეგ, როდესაც ჩვენ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გავეცნობით, როდესაც განაჩენი შევა კანონიერ ძალაში, ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენს მიერ, ისე პარლამენტის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, სასამართლომ ნიკა მელიას დანიშვნითი თანამდებობის დაკავება აუკრძალა, ნიკა მელია კი არჩეული თანამდებობის პირია.

„სასამართლომ აუკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება. აღნიშნულ შემთხვევაში, ნიკანორ მელია, როგორც პარლამენტის წევრი, არის არჩეული თანამდებობის პირი, ანუ აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება“ ,- განაცხადა პროკურორმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები