სახანძრო-სამაშველო ძალებს 30 ევროპული სახანძრო მანქანა შეემატება

გერმანიაში, ულმში, კომპანია “მაგირუსის” ქარხანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სახანძრო ავტომობილების დამზადება დასრულდა.

“მაგირუსის” ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის.

ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.”მაგირუსის” სახანძრო ტექნიკა განთავსებულია “ივეკოს” ფირმის საავტომობილო შასზე. 30-ვე სახანძრო მანქანამ გერმანიაში უკვე გაიარა სრული ინსპექტირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი ტესტირებას პირადად ესწრებოდა. იგი ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე, შეხვედრები გამართა კომპანია “მაგირუსის” წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ ვიმყოფებით გერმანიაში, ქალაქ ულმში, სადაც მდებარეობს კომპანია “მაგირუსის” ქარხანა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეისყიდა 30 ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა და დღეს ხდება ამ მანქანების საბოლოო ინსპექტირება. წლის ბოლომდე, 30 მანქანა საქართველოში ჩამოვა. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მთლიანად ჩანაცვლდეს მოძველებული რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით”, – აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია. მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები