“ამ ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და გაძლიერება სჭირდება” – სოციალური სააგენტო წყალტუბოში მცხოვრები ფრუიძეების ოჯახის საქმეს გადახედავს
წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში ფრუიძეების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახის თქმით, მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ, სოციალური დახმარება კი რომელსაც მათი არასრულწლოვანი შვილი იღებდა, მოუხსნეს.
როგორც ემზარ ფრუიძე ამბობს, მათთან სოციალური მომსახურების სააგენტოდან ხშირად მიდიან, თუმცა ყოველ ჯერზე ოჯახი უფრო და უფრო მაღალ ქულას იღებს. რის საფუძველზე ხდება ასე, ოჯახს ახსნა უჭირს.
“გვითხრეს მაღალი ქულა იმიტომ არის, რომ სახლი დიდიაო. არცერთი არ ვმუშაობთ. მე ვხდები ხოლმე ხშირად ცუდად, დაბალი წნევები მაქვს. ჩემს მეუღლეს -ემზარს ოპერაცია აქვს გაკეთებული, არ შეუძლია მუშაობა. ბავშვსაც ოპერაცია აქვს გაკეთებული, ორი წლის წინ ავარიაში მოხვდა, მანქანა დაეჯახა სანთლებს რომ ყიდდა. სოციალური დახმარება გვქონდა 190 ლარი და მოგვიხსნეს. მეზობლები გვეხმარებიან საკვებით. ბავშვი სკოლაში ვერ დადის იმის გამო, რომ ტანსაცმელი არ აქვს“, – ამბობს ფრუიძის მეუღლე ეკა ლაფერაშვილი.
14 წლის ჯიმი ფრუიძეს, რომელიც ქუჩაში სანთლებს ყიდდა, ახლა სახლში ყოფნა უწევს, რადგან სკოლაში სიარულს სოციალური პირობების გამო, ვერ ახერხებს. ჯიმის თოვლის ბაბუის დიდი ხანია აღარ სჯერა, თუმცა საახალწლო სურვილები აქვს, სურს, რომ სახლის გაკეთებაში დაეხმარონ და ახალი წლისთვის წვენსაწური ჰქონდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით “რეგიონულმა კვირამ” სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიმართა. სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახში ქმედუნარიანი ზრდასრული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ვალდებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად დარეგისტრირდნენ. სოციალური მომსახურების ქუთაისის სააგენტოს უფროსის ნინო ჭიღლაძის განმარტებით კი ამ პუნქტის არ შესრულება სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერებას იწვევს.
„ამ ოჯახთან მუშაობს სოციალური მუშაკი, ბავშვის მიმართ გაწერილია ინდივიდუალური განვითარების გეგმა, როცა მუშაობისას გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის პრობლემები, გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ოჯახთან მიმართებაში. არასრულწლოვანს ჩვენ სახელმწიფოს ზრუნვის ფორმაში გადასვლა შევთავაზეთ, საოჯახო ტიპის სახლში ან სხვა ფორმაში, მაგრამ უარი გვითხრა. ბიოლოგიურ ოჯახთან ყოფნა ურჩევნია. რაც ჩვენთვისაც პრიორიტეტია, რომ შენარჩუნებული იქნეს ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, სარეიტინგო ქულის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინფორმაციაა დეკლარაციაში. ერთ-ერთი შეფასების შემდეგ, ოჯახს რეგისტრაციაც შეუწყდა, იმის გამო, რომ არ ჰქონდა ვალდებულება შესრულებული, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში, რეგისტრაციის წესი, ოჯახის სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს ავალდებულებს დარეგისტრირდეს სამუშაოს მაძიებლად. ამ ოჯახის წევრებს სტატუსი, რომ რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ, მინიჭებული არ აქვთ. შესაბამისად ითვლებიან შრომისუნარიანებად და ვალდებულებაც ჰქონდათ, გაევლოთ რეგისტრაცია სამუშაოს მაძიებლად. ეს ვალდებულება უკვე შეასრულეს, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, დეკლარაციაში მხოლოდ ორი წევრი ფიქსირდება, ეს კიდევ ერთხელ გადამოწმების საფუძველია და აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და შეფასდეს. შემდეგ მინიჭებული ქულა განსაზღვრავს მიიღებს თუ არა სოციალურ დახმარებას“, – უთხრა “რეგიონულ კვირას” ნინო ჭიღლაძემ.
მისივე განმარტებით, სამუშაო ამ ოჯახთან დაკავშირებით ისევ გასაგრძელებელია, რადგან ეს ისეთი ტიპის ოჯახია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და გაძლიერება სჭირდება.