ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა
გამოფენა რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავლის“ და კავკასიური სახლის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის მიზანი ახალგაზრდა მხატვრების და შემოქმედებითი ჯგუფების წახალისებაა, რომლებიც რეგიონებში შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან.
ახალგაზრდა შემოქმედმა, თეონა აბძიანიძემ ხატვა 3 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სურდა დაეხატა. მას შემდეგ არაერთი კომპოზიცია შექმნა. გამოფენაზე მისი 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას სამხატვრო მიმართულებით განათლება მიღებული არ აქვს.
„ჩვენი მიზანია იმ ახალგაზრდების საზოგადოებისთვის გაცნობა, რომლებიც დღეს რეგიონებში შემოქმედებითად არიან დატვირთულები. ჩვენი მიზანი იყო რომ ხონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით მისი 20 ნახატის ჩარჩოში ჩასმა და გამოფენის მოწყობა. ვფიქრობთ, ეს იქნება მისი წახალისება, რათა ხატვა გააგრძელოს და მომავალში სხვა საგამოფენო სივრცეები დაიპყროს“, – აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მარიკა ვაჭარაძემ.
თეონა აბზიანიძის ნამუშევრები ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში სამი დღის განმავლობაში გამოიფინება. 3 დეკემბრის ჩათვლით ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ნამუშევრების დათვალიერება და შეფასება.