სერგი კაპანაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ შესრულებულა

“ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე 2017 წელს მომხდარმა ტრაგედიამ სამართალდამცავ ორგანოებში სისტემური პრობლემები გამოააშკარავა.

“ზუსტად ორი წელი გავიდა ამ დიდი ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა მართლა მთელი საქართველო. სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობა, ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედია არის ოჯახებისთვის და გარდაცვლილების მეგობრებისთვის, მაგრამ ამ ტრაგედიებმა, ასევე, აჩვენა, რაოდენ მართლა ძირგამომპალი იყო მთელი სისტემა სამართალდამცავი ორგანოების. როგორ ხდებოდა ნეპოტიზმის, კორუფციის ჩარევის გზით, ამ საქმეების დამახინჯება, რასაც ნათელი მოჰფინა საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიამ“ ,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გასცა, დღემდე შეუსრულებელია.

“რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გასცა, დღემდე შეუსრულებელია. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ გამოძიების გაყალბებაზე. ამიტომ, ეს საკითხები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი და მგონია, რომ აუცილებლად უნდა იყოს მიყვანილი, როცა არ უნდა მოხდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც შესრულებული არ არის, არის ის, რომ, არის ათამდე ადამიანი, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა მხილებული იმაში, რომ მათ გააყალბეს, გამოძიება არასწორი მიმართულებით წაიყვანეს, რასაც შემდეგ ჯამში მოჰყვა ის, რომ არ იქნა დაკავებული და ბრალი არ იქნა წარდგენილი კონკრეტული ახალგაზრდისთვის, რომლის ბრალეულობაც იკვეთებოდა. ამ საქმის გაყალბების და მიჩქმალვის დეტალები და პასუხისმგებელი პირები რომ არ გამოვლენილა გამოძიების მიერ გასაგებია, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც შსს-ში და პროკურატურაში იყვნენ და მათ დღემდე, სავარაუდოდ, აფარებენ ხელს. ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ათამდე სახელი, პროკურატურის, შსს-ს სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულად პროკურორ ფხაკაძეზე და მთელს იერარქიაზე პროკურატურის შიგნით, რომლებიც მას ხელმძღვანელობდნენ, ისევე, როგორც შსს-ს ფარგლებში და, ასევე, ვსაუბრობდით პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე კონკრეტული მინისტრების. ჩვენ ვიცით, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი იმ მინისტრთაგანი დღეს საერთოდ პრემიერ-მინისტრად არის დაწინაურებული, თან ეს საერთოდ მას შემდეგ, რაც გავრილოვის ღამე მოაწყო. ამიტომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ამ ხელისუფლების არის უდავო და ცალსახა, მან არ მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს რეკომენდაციები აუცილებლად იქნება შესრულებული“ ,- განაცხადა კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. სისხლიან დაპირისპირებას 2017 წელს ორი მოზარდის, დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები