2 დეკემბერს, პარიზში “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება
2019 წლის 2 დეკემბერს, საფრანგეთში, პარიზში “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“2019 წლის 2 დეკემბერს, საფრანგეთში, პარიზში “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართება.
საინაუგურაციო შეხვედრა პლენარული სხდომით გაიხსნება, რომელსაც თავმჯდომარეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მისი ფრანგი კოლეგა, ჟან-ივ ლე დრიანი გაუწევენ. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და ფრანგი მინისტრები სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ.
“დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი” მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური, საპარლამენტო, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე კულტურის და განათლების სფეროებში.
ღონისძიების ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების შეხვედრა პოლიტიკურ, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე გაიმართება.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან -ივ ლე დრიანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტისა და პრემიერის დიპლომატიურ მრჩევლებთან.
დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას 2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგულ დიალოგს, “დიმიტრი ამილახვრის სახელი” 1942 წელს, ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის პატივსაცემად ეწოდა. ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებითაა განპირობებული და როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას ატარებს.
დიალოგი წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობის პრინციპით, თბილისსა და პარიზში გაიმართება”,- ნათქვამია განცხადებაში.