ქუთაისში, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი, “მწვანე ჯილდო’’ იმართება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი ,”მწვანე ჯილდო’’ იმართება.
კონკურსი “მწვანე ჯილდო’’, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წელს უკვე მეორედ ატარებს, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და იმ აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებას ისახავს მიზნად, რომლებიც სწავლებაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს აქტიურად იყენებენ და ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე ზრუნავენ. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებებში უკვე წარმატებით დაინერგა.
2018 წლის “მწვანე ჯილდოსაგან’’ განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება აღმზრდელ-პედაგოგებსა და მეთოდისტებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან შეეძლოთ.
კონკურსი, “მწვანე ჯილდო’’ ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე მოხდა, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპის ერთი ნაწილი ქუთაისში ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა დასავლეთის რეგიონებიდან მათ მიერ განხორციელებული აქტივობები წარმოადგინეს.
კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები, ხოლო ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.