“მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან”- ამერიკული გამოცემა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს

“თბილისში არეულობა მილიარდერის ოცნებას საფრთხეს უქმნის“,- ამ სათაურით ამერიკული გამოცემა “ბლუმბერგი” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს.

ინტერვიუ ჭორვილაში 8 ნოემბერს ჩაიწერა, გუშინ კი გამოქვეყნდა. სტატიაში საქართველოში განვითარებული მოვლენებია აღწერილი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი თვეები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურ კოშმარად იქცა. გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.

“მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან. უნდა შეიქმნას პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაანაცვლებს. დღეს რომ არჩევანი “ქართულ ოცნებასა“ და სხვა ძალას და არა “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ყოფილიყო, პოლიტიკას დავტოვებდი, ვეღარ მნახავდით პოლიტიკაში, ან პარლამენტში. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი“, – ამბობს ივანიშვილი.

ინტერვიუს დროს, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სადავო კენჭისყრამდე ჩაიწერა, ივანიშვილმა უარყო ოპოზიციის პრეტენზია, რომ ის ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის უზარმაზარი ქონება და საქველმოქმედო პროექტები აძლიერებს ისეთ ქვეყანას, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 400 დოლარია. “მირჩევნია, მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, – ამბობს მმართველი გუნდის ლიდერი ინტერვიუში.

ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუ რუსეთთან ურთიერთობებსაც დაეთმო.

“ის რაც რუსეთმა ომით გააკეთა, სიგიჟეა, მაგრამ თუ ჩვენ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, ვითარება არასდროს შეიცვლება“,-აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები