“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს “ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად,- 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 656,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 525,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.
სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – “HACCP”-ის დანერგვაში დაეხმარება.
სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო “ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ხელს შეუწყობს.