ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის მონაწილეობა გამოფენა „Food Africa-2019“-ში საქართველოს ჩარევის შემდეგ ჩაიშალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები 9-11 დეკემბერს კაიროში საკვები პროდუქტებისა და სასმელების მე-5 საერთაშორისო გამოფენაში „Food Africa-2019“-ში გეგმავდნენ მონაწილეობის მიღებას.
როგორც ე.წ. პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი მომზადება და მოლაპარაკება ნახევარი წლის წინ დაიწყო, და გამოფენის ორგანიზატორების მხრიდან იქნა მიღებული შეტყობინება, რომ მონაწილეობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ.
„თუმცა, რამდენიმე დღის წინ, გამოფენის ორგანიზატორებმა ზეპირსიტყვიერად შეატყობინეს ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს საელჩოს მოთხოვნაა, გამოფენიდან აფხაზეთის რესპუბლიკა და აფხაზური ატრიბუტიკა იყოს მოხსნილი. მათი თქმით, ქართული მხარე მოთხოვნაში ამბობდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონია და არანაირი საფუძველი არ არსებობს მის მონაწილეობაში. მოგვიანებით კი, ორგანიზატორებმა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საელჩოს საპროტესტო ნოტის შესახებ შეატყობინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.