ლევან ვეფხვაძე: ეკონომიკურად ღირებული სახელმწიფო ქონება მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად
იწყება პრივატიზაციის ახალი ტალღა და ამას აქვს მნიშვნელობა ყველასთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო ქონებაში, რომელიც დევს და მისგან არანაირი სარგებელი არ აქვს არავის, ბიზნესი მოახდენს ინვესტირებას, დაასაქმებს ხალხს, ნახავს სარგებელს თავისთვისაც და სარგებელს მოუტანს ქვეყანასაც, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღამსრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართული პრეზენტაციის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ღირებული ისეთი სახელმწიფო ქონების გამოყენება, რომელიც დღეს უსარგებლოა.
„მისასალმებელია, რომ ამ კუთხით იდგმება კონკრეტული ნაბიჯები და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. მოვუწოდებდი ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ეს პროცესი გააგრძელოს. გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში მსხვილი ობიექტები, სადაც საჭიროა უფრო ეფექტიანი მენეჯმენტი და სწორედ კერძო ინვესტორია ყველაზე კარგი მენეჯერი, ყველაზე კარგი დამსაქმებელი, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვისაც და საკუთარი ბიზნესისთვისაც,” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.