იორდანიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა
გრძელდება ქართული ისტორიული კვალის ძიება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რომელიც მდინარე არნონის ხეობაში ქართველთა „შიჰანის მონასტრის“ მოძიებას ისახავს მიზნად.
დასრულდა იორდანიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა.
საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი და თანმხლები დელეგაცია, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა იორდანიის სიძველეთა დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა იეზიდ ელ-აიანმა მიიღო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემაჯამებელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იორდანიის მხარეს გაუზიარა ჩატარებული სამუშაოს შედეგები და დაისახა სამომავლო გეგმები. საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და იორდანიის სიძველეთა დეპარტამენტის ერთობლივი „შიჰანის პროექტის“ შემდეგი ეტაპის განხორციელება 2020 წლის ზაფხულში დაიგეგმა, რაც არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებას ისახავს მიზნად.